რომანწმინდა

სავანის პირველი ქართველი მწიგნობარია გიორგი ათონელი,  რომელიც იქ 1031–39 წ. მოღვაწეობდა,  შემდეგ სხვა ქართველებიც ჩანან,  ისინი ეწეოდენ კულტურულ–აღმშენებლობით და მწიგნობრულ საქმიანობას.   შეგვიძლია მოვიხსენიოთ იოანე და დავით ჯიბისძენი,  1035 წ. ისინი შატბერდში ჩანან,  შემდეგ შავ მთაზე გადასულან,  იქ ეკლესიაც აუშენებიათ და წიგნებიც გაუმრავლებიათ.

რომანწმინდა

კალიპოსი

ძველი ხელნაწერების ჩვენებით კალიპოსი მნიშვნელოვანი კერა ყოფილა,  იქ მოღვაწეობდნენ გიორგი ათონელი,  იოანე და გაბრიელ ივანწმინდელ–საფარელნი ,  ბასილ ქოროლყოფილი,  არსენ კალიპოსელი და სხვანი.

ბასილ ქოროლყოფილმა გადაწერა ოთხთავი 1060 წ.  ბასილ კალიპოსელის XI ს. ინიციატივით ითარგმნა ქართულად წამებამინა მეგვიპტელისაი. დიდად გაითქვა სახელი არსენ კალიპოსელმა XII–XIII ს. და სხვა.

ცნობილია იქ გადაწერილი წიგნები მაგ იოანე და გაბრიელ ივანწმინდელ–საფარელთა მიერ 1040 წ. გადაწერილი გრიგოლ ნაზიანზელისა და გრიგოლ ნოსელის თხზულებათა თარგმანების შემცველი კრებული.  სამეცნიერო ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი ალავერდის ოთხთავი,  რომელიც 1054 წ. არის დამზადებული კალიპოსში,  მისი გადამწერები არიან იოანე დვალი,  მიქაელი,  გიორგი და მენზებელი სვიმეონ მღვდელი,  იგი ყურადღებას იმსახურებს გაფორმებით,  მოხატულია დიდი გემოვნებით.

კალიპოსი

მოღწეულია კალიპოსის სავანეში დამზადებული სხვა ხელნაწერებიც რომელთაგან ზოგი სინის მთაზეა,  ზოგი კი ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

კასტანა

ამ სავანიდან მოღწეულია მხოლოდ 1 ხელნაწერი,  მაგრამ ძველი ქართული მწერლობის ისტორიისათვის მადს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.  ესაა ქაღღალდის უძველესი ქართული ხელნაწერი თარგმანებაი ფსალმუნთაი,  რომელიც დაიწერა კასტანას 1091 წ.  როდესაც იქ წინამძღვრად იყო ეფრემ მცირე.

ეზრას მონასტერი

ხელნაწერთა ანდერძ–მინაწერებიდან ჩანს, რომ შავ მთაზე XI ს. 80–ან წლებში მწიგნობრულ მუშაობას ეწეოდნენ ქართველები ეზრას მონასტერში,  კერძოდ კალიგრაფი იოანე მთვარაისძე.

ლერწმისხევი

სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ე წ. რუისის ოთხთავი,  იგი XI ს. შუა წლებშია გადაწერილი ლერწმისხევის მონასტერში შავ ზაქარიას მიერ. ფიქრობენ,  რომ ლერწმისხევის სავანე შეიძლება იყოს წმ გიორგის ეკლესია სელევკიაში,  რომლის ნანგრევები არც თუ დიდი ხნის წინ გამოვლინდა.

თვალთა მონასტერი

იქაური მოღვაწე იყო ილარიონ დიდი,  რომელიც ხახულში ცხოვრებისას გიორგი ათონელს ასწავლიდა.  ამ სავანეში არსებობდა მდიდარი ქართული წიგნთსაცავი რომლითაც სხვა მონასტერთა ბინადარნიც სარგებლობდნენ.

ბარლაამწმინდა

ცნობილია 1 ჰაგიოგრაფიული თხზულება ასეთი სახელწოდებით ცხოვრებაი წმინდისა ბარლაამ მოღვაწისაი,  რომელი იყო მთასა კავკასა,  ამ კავკასა ადრე ეწოდებოდა კასპია ხოლო შემდეგ ალ ჯაბარ ალ აკრა–მოტიტვლებული მთა,  იგი მდებარეობს ანტიოქიის ახლოს შავ მთაზე მთიანეთში,  იქ აშენებული ყოფილა ბარლაამის ან ვარლაამის სავანე ბარლაამწმინდა,  სადაც ქართველებიც მოღვაწეობდნენ.  გიორგი მცირის ცნობით ბარლაამწმინდა ანტონ ლიპარტიანყოფილისეულია,  ვგონებ ლიპარიტ ორბელის დაარსებულია,  როგორც არ უნდა იყოს ერთი ცხადია იგი ქართველთა სადგომი იყო,  ჩვენ იქაურ ქართველ მწიგნობარს იოანე ვარლაამწმინდელსაც კი ვიცნობთ.

ზემოდ ავღნიშნეთ,  რომ შავი მთის ქართულ კოლონიაში ნაყოფიერი მუშაობა გაჩაღდა XI საუკუნის შუა წლებში გიორგი შავმთელი,  გიორგი ათონელი და სხვა,  თუმც იქაურმა სათვისტომომ მუშაობა გააძლიერა XI ს. II ნახევარში,  როცა შეიკრიბა ქართველ მწიგნობართა მრავალრიცხოვანი ჯგუფი: ეფრემ მცირე,  საბა თუხარელი,  იოანე ფარატნელი,  ეფრემ ოშკელი,  იოანე მთავარაისძე,  ანტონ ტბელი,  სტეფანე ჭულეველი,  არსენ იყალთოელი,  იოანე კვირიკე,  გაბრიელი და სხვა. შავი მთის ლიტერატურული სკოლის მეთაური და მისი ყველაზე სახელოვანი წარმომადგენელია ქართველი მწერალი,  მეცნიერი,  ფილოლოგი,  ფილოსოფოსი ეფრემ მცირე,  რომელმაც ქართულ მწერლობაში შექმნა მთელი ეპოქა და დააგვირგვინა ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელების სამწერლო ღვაწლი.

ეფრემ კარიჭისძემ განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში სადაც ეზიარა ბიზანტიურ კულტურას. სათანადოდ გაწაფულმა მიაშურა დაახლოებით XI ს. 60–ან წლებში შავ მთას, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სხვადასხვა სავანეში: სვიმეონწმინდაში,  კასტანასა და ა შ.  აქტიურად მონაწილეობდა იქაურ კულტურულ მოღვაწეობაში. იგი დაუახლოვდა ანტიოქიისა და მისი შემოგარენის სავანეების სწავლულებს, გამოიყენა მონასტრებში დაცული წიგნადი ფონდები,  მჭიდრო კავშირი დაამყარა აქ დასახლებულ ქართველებთან გარს შემოიკრიბა ისინი და ფართოდ გაშალა კულტურულ–სამეცნიერო საქმიანობა. მან შექმნა და გააძლიერა შავი მთის ქართული ფილოსოფიურ–თეოლოგიური სკოლა.  მან აქ დაწერა ორიგინალური ისტორიულ–ჰაგიოგრაფიული ხასიათის შრომები,  იქვე თარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის რამდენიმე ათეული ძეგლი.  მაგალითად, უწყებაი მიზეზისა ქართველთთა მოქცევისაი თუ რომელსა წიგნსა შინა მოიქცეოდის ეფრემმა ამ თხზულებით დაიცვა და განამტკიცა ქართველთა საეკლესიო–სარწმუნოებრივი დამოუკიდებლობა.

დიდად საყურადღებოა ეფრემის მოსახსენებელი მცირე სვიმეონისი ლოღოთეტისა და თხრობაი მიზეზთა ამათ საკითხავთა თარგმანისათა,  ძეგლი რომელიც ცალკე წარმოაჩენს ძველი ქართული ლიტერატურის ზოგადმეცნიერულ მნიშვნელობას. ის აღმოაჩინა და გამოსცა კ.  კეკელიძემ და შეავსო ბიზანტიური ლიტერატურის დიდი ხარვეზი.

განსაკუთრებით საინტერესოა ფსევდოდიონისე არეოპაგელის თხზულებათა თარგმნა რომელიც შ.  ნუცუბიძისა და ბელგიელი მეცნიერის ჰონიგმანის გამოკვლევებით  დღეს უკვე ნამდვილ ავტორს პეტრე იბერს მიეწერება. ე. მცირეზე საუბარი ამით უნდა დავასრულოთ,  მხოლოდ უნდა დავძინოთ,  რომ ეფრემს აქ მხარს უმშვენებდა მისი უმცროსი თანამედროვე ფილოლოგი და ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი,  რომელმაც შემოქმედებითი მუშაობა გააჩაღა შავ მთაზე და კიდევ უფრო გაამდიდრა ქართული მწერლობის საგანძური.

ამრიგად შავ მთაზე შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული სკოლა,  განვითარდა ქართული ფილოსოფიური აზროვნება,  შეითხზა და ითარგმნა რამდენიმე ათეული ნაწარმოები სასულიერო––საეკლესიო მწერლობის სხვადასხვა დარგში ეგზეგეტიკაში,  დოგმატიკაში,  პოლემიკაში,  ჰაგიოგრაფიაში,  ჰომილეტიკაში და ა.  შ. ,  დამუშავდა ქართველთა შორის ქრისტიანობის გავრცელების პრობლემატიკა და დადასტურდა ქართველთა უფლება ავტოკეფალიაზე,  ითარგმნა და დამზადდა მრავალი ხელნაწერი,  რომელთაგან ბევრი დაიღუპა ხოლო ზოგი თბილისში,  ქუთაისში,  სანკტ–პეტერბურგში,  სინის მთაზე,  ათონსა თუ იერუსალიმშია დაცული.

შავი მთა   სვიმეონწმინდა

წყარო: http://www.bu.org.ge/x1317?lang=geo